English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
გლობალიზაციის მეტამორფოზები: პოლიტეკონომიური ასპექტი

ჟურნალი N 3.2023

სტატიაში გლობალიზაცია განხილულია ევოლუციური პროცესის სახით, რომელშიც გამოიყოფა გარდამტეხი მომენტები, ანუ ე.წ. ბიფურკაციის წერტილები, რაც განსაზღვრავს, როგორც გლობალიზაციის დაწყების კანონზომიერ ხასიათს, ასევე მისი ფორმების მონაცვლეობას და პროცესის განვითარების მთავარ ტრაექტორიას. აღნიშნულია, რომ გლობალიზაციის საწყის ეტაპზე მის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი ჭარბობდა. მიიჩნეოდა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა მსოფლიოში დაგროვილი მწვავე პრობლემების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფდა გრძელვადიან და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, როგორც მსოფლიო ეკონომიკის, ასევე ეროვნული ეკონომიკების მასშტაბით. სამწუხაროდ, ამ მოლოდინების უმეტესობა არ გამართლდა. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები გლობალიზაციის პერიოდში შემცირდა, ეკონომიკურმა არასტაბილურობამ იმატა, სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა. გლობალიზაციის თანამედროვე ფორმაში, რომელსაც მეცნიერები „კონფრონტაციულ გლობალიზაციას’’ უწოდებენ, შეინიშნება პროცესის შეფერხების ნიშნები, რაც გამოიხატება:
• წარმოების ლოკალიზაციაში;
• მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევაში;
• დედოლარიზაციის ტენდენციის წარმოშობაში;
• მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაციაში.
სტატიაში დასაბუთებულია, რომ გლობალიზაციის შეფერხება არ ნიშნავს მის შეჩერებას და მითუმეტეს დეგლობალიზაციის დაწყებას.
კონფრონტაციული და ტურბულენტური გლობალიზაციის წინააღმდეგობები ახსნილია მეინსტრიმული კორპორატიული გლობალიზაციით დეტერმინირებული მიზეზებით და აღნიშნულია ამ წინააღმდეგობათა გადაჭრის შესაძლებლობა კორპორატიული გლობალიზაციის ახალი ტიპის გლობალიზაციით ჩანაცვლების

1 სტატიას საფუძვლად დაედო ავტორის მიერ საქართველოს ეკონომისტთა v რესპუბლიკურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება(თბილისი, 8 სექტემბერი, 2023წ.)

გზით, რაც იქნება უფრო დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი, ინკლუზიური, ანთროპოცენტრული, ეკოლოგიურად ეფექტიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული.
საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ბიფურკაციის წერტილები ტურბულენტური და კონფრონტაციული გლობალიზაცია, კორპორატიული გლობალიზაცია, დეგლობალიზაცია, ლოკალიზაცია, დედოლარიზაცია, ფრაგმენტაცია.

შესავალი
ეკონომიკის გლობალიზაციიდან სამ ათეულზე მეტმა წელმა განვლო, რაც საკმარისი დროა გლობალიზაციის ფენომენის სისტემური შეფასებისათვის, მისი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების და პრობლემების გამოვლენისთვის, რომელიც გარკვეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებს უნდა დაფუძნოს. კერძოდ:
• გლობალიზაცია შესაწვლილი უნდა იქნეს ისტორიული მიდგომის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ის განიხილება კაცობრიობის ხანგრძლივი განვითარების შედეგად და მეორე მხრივ, ამ პროცესის შემადგენელ ელემენტად, ცივილაზაციის თანამედროვე მდგომარეობად;
• გლობალიზაციის ევოლუციაში უნდა დაფიქსირდეს გარდამტეხი მომენტები, ე.წ. ბიფურკაციის წერტილები, რაც განსაზღვრავს:
ა) გლობალიზაციის დაწყების კანონზომიერ ხასიათს
ბ) გლობალიზაციის ფორმათა ცვლილებას
გ) ამ ცვლილების მთავარ შინაარსსა და ცვლილების ტრაექტორიას.
• დახასიათებული უნდა იქნეს გლობალიზაციის მეინსტრიმული ტიპი ანუ, ე.წ. „ზომა“, რომლის შიგნითაც სხვადასხვა ეტაპზე, გლობალიზაციის ფორმათა ურთიერთცვლა მიმდინარეობს;
• შესაწავლილი უნდა იქნეს მეინსტრიმული გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რაც თანამედროვე პირობებში, გარკვეული კანონზომიერებისა და ტენდენციების სახით ვლინდება. კერძოდ:
ა) მსოფლიო და წამვანი პოსტინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის დაქვეითება
ბ) გლობალურ და რეგიონულ დონეებზე ეკონომიკის არასტაბილურობის გაძლიერება
გ) ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნების შიგნით მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის.
ეკონომიკური გლობალიზაციის წინააღმდეგობრივ ბუნებაზე მიმანიშნებელ ტენდენციებს წარმოადგენს:
ა) წარმოების ლოკალიზაცია
ბ)მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა
გ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დედოლარიზაციის დაწყება
დ) თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მზარდი ფრაგმენტაცია.
• უნდა დასაბუთდეს მეინსტრიმული (კორპორატიული) გლობალიზაციიდან ახალი ტიპის გლობალიზაციაზე გადასვლის აუცილებლობა, შესაძლებლობა (პერსპექტივა) და განისაზღვროს ამ უკანასკნელის მთავარი მახასიათებელი ნიშნები.
ბუნებრივია, რომ პრობლემის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ჩამოთვლილი საკითხის ჯეროვანი განხილვა, ერთი სტატიის ფარგლებში, შეუძლებელია. ამიტომ, მოცემულ სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკის გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი ხასიათის კვლევაზე.

ეკონომიკური გლობალიზაციის კანონზომიერი ხასიათი

ინტერნაციონალიზაციის პროცესი წინ უძღოდა გლობალიზაციას და მის წინაპირობას წარმოადგენდა. ინტერნაციონალიზაცია, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს ერი-სახელმწიფოს გაჩენასთან. როგორც პროფ. ზ. დავითაშვილი აღნიშნავს: „როცა ჯერემი ბენტჰემმა XVIII საუკუნის ბოლოს ტერმინი „საერთაშორისო“ (International) დაამკვიდრა, აშკარა იყო, რომ ეს სიტყვა ამ ეპოქის შინაარსს შეესაბამებოდა. ეს იყო ერი-სახელმწიფოების ეპოქა და „საერთაშორისო“-ს ცნება „სახელმწიფოთაშორისი“-ს სინონიმად მოიაზრებოდა. საერთაშორისო ურთიერთობები კი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებად აღიქმებოდა. სახელმწიფოები იმ დროს საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთი სუბიექტები იყვნენ“ (დავითაშვილი ზ., 2003).
ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება იყო, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ სფეროში ქვეყნებს (სახელმწიფოებს) შორის ურთიერთობის გაფართოებისა და ინტენსიფიცირების პროცესი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე და მეოცე საუკუნის შვიდი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე 1980-1990-იან წლებში არ გადაიზარდა გლობალიზაციის პროცესში.
აღნიშნულიდან ნათელია, რომ გლობალიზაციის დაწყება გარკვეული ევოლუციური პროცესის პირდაპირი შედეგია და ამ პროცესში, ისევე როგორც გლობალიზაციის მიმდინარეობაში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ბიფურკაციის წერტილების დაფიქსირება, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებდა ინტერნაციონალიზაციის ტრანსფორმირებას გლობალიზაციაში, მეორე მხრივ კი - გლობალიზაციის ტრაექტორიას და მისი ერთი ფორმის მეორით შეცვლას.
პირველ ბუფერკაციის წერტილად, ჩვენი აზრით, შეიძლება ჩაითვალოს 1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენით გამოირჩეოდა. კერძოდ:
ა) სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მომხდარი თვისობრივი ცვლილებებით, უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტის გამოგონებით
ბ) 1970-1980-იან წლების მსოფლიო ეკონომიკური განვითარების შედეგებით, რაც განაპირობა თავდაპირველად „ენერგეტიკულმა შოკმა“ (კრიზისმა) და შემდეგ მისგან გამომდინარე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა
გ) მსოფლიო-სოციალისტური სისტემის დაშლა, რამაც პლანეტარული მასშტაბით საბაზრო ეკონომიკის გავრცელების ბარიერები მოშალა.
გლობალიზაციის საწყის ეტაპზე ის განიხილებოდა პოსტინდუსტრიულ და განვითარებად სამყაროში დაგროვილი მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ქმედით ინსტრუმენტად. მიიჩნეოდა, რომ გლობალური ბაზრები წარმატებით ჩაანაცვლებდა ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივის როლში ეროვნულ ბაზრებს, უზრუნველყოფდა მსოფლიო ეკონომიკის მაღალ დინამიურობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა „მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური ლანდშაფტის“ მოსწორებაში (მექვაბიშვილი ე., 2009).
გლობალიზაცია დაიწყო აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური დომინაციის პირობებში. ის ემყარებოდა ნეოლიბერალურ ე.წ. „ვაშინგტონის კონსესუსის“ დოქტრინას და მიზნად ისახავდა „თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის გავრცელებას მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში“(Germain., 2000).
გლობალიზაციის პირველ ფორმას, ზემოაღნიშნულის გათვალისწინების საფუძველზე, ვუწოდებთ ანგლოსაქსურ ნეოლიბერალურ გლობალიზაციას, „Pax Americana“-ს, ანუ „გლობალიზაციას ამერიკულად“.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აშშ-ის პოლიტიკურ-ეკონომიკური (ბიზნეს) ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო ექსპანსიის (რაც თავის მხრივ გლობალიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს) როლის მიმართ წლების მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. კერძოდ, 1821 წელს აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯ.კ. ადამსმა ჩამოაყალიბა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპი: „ამერიკა არ უნდა გავიდეს საკუთარი საზღვრებიდან საშინელებათა დევნაში. ის ყველას თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უსურვებს, მაგრამ ამ ფასეულობებს იცავს მხოლოდ თავის შიგნით... თუ ასე არ იქნება, ის შეიძლება მსოფლიო დიქტატორად გადაიქცეს და დაკარგოს საკუთარი სული“ (Kissinger, 2001). არასრული ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ (1915წ.) აშშ-ის ოცდამერვე პრეზიდენტმა ვ.ვილსონმა სრულიად საწინააღმდეგო დოქტრინა წამოაყენა, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება დღემდე: „ჩვენ ეს ნაცია (იგულისხმება ამერიკელები -ე.მ.) შევქმენით თავისუფლებისთვის და ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ამერიკით, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანს თავისუფალს გავხდით. თუკი ამას არ გავაკეთებთ ამერიკის დიდება გაქრება და მისი ძალა აორთქლდება“ (Неклесса А., 2004). ამ დოქტრინის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, დღეს აშშ-ის სახელმწიფო გადაიქცა ახალ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფენომენად - ქვეყანა სისტემად, რომლის სასიცოცხლო ინტერესები საკუთარ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კი არ არის მოქცეული, არამედ მთელ პლანეტას ფარავს. შესაბამისად, აშშ არის გლობალიზებული სამყაროს ბირთვი და გლობალური პროცესების მარეგულირებელი მთავარი სუბიექტი (მექვაბიშვილი ე., 2009).

გლობალიზაციის პოზიტიური მხარეები და წინააღმდეგობები

გლობალიზაციის დაწყებიდან თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ რა შედეგებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ?
პოზიტიური თვალსაზრისით, გლობალიზაციამ გააფართოვა საერთაშორისო საფინანსო და სასაქონლო ბაზრებზე განვითარებადი ქვეყნებისათვის წვდომის შესაძლებლობა, რამაც მათი ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პერსპექტივა შექმნა. ამ მიმართებით განსაკუთრებით ნიშანდობლივია ჩინეთის და ინდოეთის მაგალითი. გლობალიზაციაში აქტიური ჩართულობის საფუძველზე ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და გამომდინარე აქედან, ცხოვრების დონის გარკვეულ ამაღლებას. ამ ქვეყნების მოსახლეობის, მსოფლიო მოსახლეობაში არსებული ხვედრითი წილის გათვალისწინებით, სიღატაკის მოცულობა მსოფლიოში მცირედით შემცირდა. გლობალიზაციის პოზიტიურ მხარედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძალისხმევის გაძლიერება ისეთი პლანეტარიული პრობლემების გადაჭრის მცდელობაში,როგორიცაა გლობალური დათბობა, სასურსათო პრობლემა, კოვიდ 19-ის პანდემია და სხვ. მაგალითად, 2015 წელს პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ ხელშეკრულებით 194 ქვეყანამ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება გლობალური გაზის ემისიების შემცირებისა და ტემპერატურის მატების შეზღუდვის ღონისძიებების გატარებაზე.
გლობალიზაციის ნეგატიურ მხარეზე მსჯელობისას შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიმართულება:
პირველი, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. მსპ-ს (მთლიანი სამამულო პროდუქტი) ტემპების შედარება გლობალიზაციის წინა (1950-1960-იანი წწ.) და გლობალიზაციის პერიოდებში გვიჩვენებს „გლობალური ეკონომიკის“ ზრდის ტემპის მნიშვნელოვან ჩამორჩენას „მსოფლიო ეკონომიკის“ ზრდის ტემპთან - საშუალო წლიური ზრდის 5,4%-იდან 1990-იანი წლების დასაწყისში 2,3%-მდე, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე კი - 2,6%-მდე (მექვაბიშვილი ე., 2018). უფრო მეტიც, გლობალიზაციის ეპოქაში „მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები სტაგნაციამ მოიცვა, რომლის უკან იმალება 1970-იანი წლებიდან დაწყებული შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპის საგრძნობი შენელება“ (Smart, 2017). შრომის მწარმოებლურობის ასეთი შემცირება პარადოქსული ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან შეინიშნებოდა ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება, რომელსაც პროდუქტიულობის გაზრდისთვის უნდა შეეწყო ხელი. აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზი ეკონომიკის ზღვარგადასული ფინანსებიზაციაა, რაც გამოიხატება უზარმაზარი ფინანსური რესურსის ეკონომიკის რეალური სფეროდან ფინანსურ სექტორში („ფინანსურ ეკონომიკაში“) გადამისამართებით, რასაც თან ახლავს ფინანსური ბუშტების მუდმივი გაბერვა-გასკდომა და, როგორც შედეგი, მწვავე ფინანსური კრიზისების დაწყება. ასე მოხდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში 1990-იან წლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში - 1997-1998 წლებში და ბოლოს, ყველაზე მწვავე და დამანგრეველი 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი.
ეკონომიკური არასტაბილურობის გაძლიერება. გლობალიზაციის ეპოქა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების „კასკადით“ გამოირჩა. კერძოდ, ლათინური ამერიკის ქვეყნების - მექსიკის 1994 და 1995 წლების, არგენტინის 1995 წლისა და 2001-1002 წლების კრიზისები; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 1997 წლის ფინანსური კრიზისი. განსაკუთრებით მწვავე და ზიანის მომტანი აღმოჩნდა 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი ანუ ე.წ. „დიდი რეცესია“, რომელსაც მკვლევარები 1929-1933 წლების „დიდ დეპრესიას“ ადარებენ.
ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გაღრმავება. უთანასწორობა, რა თქმა უნდა, გლობალიზაციის ეპოქაში არ წარმოშობილა და მას უძველესი ისტორია აქვს. კაპიტალიზმამდე ანუ ინდუსტრიული საზოგადოების დაბადებამდე ის განპირობებული იყო არაეკონომიკური ფაქტორებით, ხოლო ეკონომიკური მიზეზებით დეტერმინირებული უთანასწორობა კაპიტალიზმიდან (ინდუსტრიული საზოგადოებიდან) იწყება , გლობალიზაციის ეპოქაში ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რაზედაც მიგვანიშნებს სხვადასხვა მონაცემი. კერძოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, სადაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 17% ცხოვრობს, თავმოყრილია გლობალური სიმდიდრის 57%. ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის წილი სამჯერ, ხოლო აფრიკისა 9-ჯერ აღემატება გლობალურ სიმდიდირეში მათ წილს. ჯგუფში, ვინც 1 მლნ და მეტ აშშ დოლარს ფლობს, იმყოფება მთელი მოსახლეობის 1,1% ანუ სულ 56,1 მლნ ადამიანი (Credit Suiss. Глобалъное богатство -2021). აშშ-ში სამი ადამიანი - ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტი ერთად, უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე ამ ქვეყნის 160 მლნ მოქალაქე ერთად (ჰარტინგტონი, 2023). 50 მლნ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელთა 55% ცხოვრობს აშშ-ში, შემდეგ მოდის ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია და შვეიცარია(Credit Suiss,

 3 „შემოსავალსა და სიმდიდრეს შორის უთანასწორობა, პოლიტიკურ ძალაუფლებაზე წვდომაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბრიტანეთის ინდუსტრიამდელ ეკონომიკაშიც დიდი იყო, თუმცა ინდუსტრიალიზაციის ადრეულ ეტაპზე ის კიდევ უფრო გაიზარდა“(ნილი ნ.,2023)

 

2021). ჯინის კოეფიციენტის მიხედვით დათვლილი უთანასწორობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: ყველაზე დიდი უთანასწორობა რუსეთშია - 87,8%, შემდეგ მოდის ბრაზილია - 86.9%, აშშ -85,0%, საფრანგეთი -82,3% და ა.შ. შედარებით ნაკლებია უთანასწორობა ჩინეთში - 70,4% და იაპონიაში - 64,4%. რუსეთში მოსახლეობის 1% ფლობს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის 63%-ს, ბრაზილიაში -49,6%-ს, ჩინეთში - 30,6%-ს, გერმანიაში - 29,1%-ს, იაპონიაში კი მხოლოდ - 18,2%-ს.
ამგვარად, გლობალიზაციის ეპოქაში შეიქმნა ვითარება, როცა „მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დღეს უფრო მეტს შრომობს, ვიდრე ოდესმე, თუმცა მათი ცხოვრების დონე მაინც განუწყვეტლად ეცემა“(Sheng, Geng, 2018).
აშკარაა, რომ იმ ფორმის გლობალიზაციამ, რომელთანაც დღეს საქმე გვაქვს, ვერ შეძლო ხელშესახები წარმატების მიღწევა ვერც ერთი ფუნდამენტური მიმართულებით. კერძოდ:
• ვერ შეძლო მსოფლიო ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება ანუ „ნამცხვრის ზომის გაზრდა“;
• ვერ ააცილა მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული რყევები;
• ეკონომიკის ზრდა ვრ გახადა ინკლუზიური. უფრო პირიქით მოხდა: სოციალური უთანასწორობა უფრო გაღრმავდა, როგორც „გლობალურ ჩრდილოეთსა“ და „გლობალურ სამხრეთს“ შორის, ასევე ქვეყნებს შიგნით (Stiglitz, 2015; Piketty, 2013, 2020, 2022; Milanovich, 2016 და სხვ.).
ბუნებრივია, ყოველივე ამან განაპირობა ნიჰილიზმი და გლობალიზაციის მიმართ უკმაყოფილება საზოგადოების ფართო ნაწილში, გააძლიერა ანტიგლობალისტური მოძრაობა მთელ მსოფლიოში .

 

გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი ხასიათის გამოვლენის ფორმები

თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი ბუნება რამდენიმე ტენდენციის სახით ვლინდება:
1. წარმოების ლოკალიზაცია;
2. ღირებულების შექმნისა და მიწოდების გლობალური ჯაჭვის რღვევა;
3. მსოფლიო ეკონომიკაში დედოლარიზაციის დაწყება;
4. გეოეკონომიკური პრიორიტეტების ცვლილება გლობალურ ეკონომიკაში, ანუ
• წარმოების გადანაცვლება ტერიტორიულად შორს მყოფიდან ახლოს მყოფ ქვეყნებში ანუ ე.წ. „near- shoring“

 3 დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან  - ე.წ. „ბრეკსიტი“, ტრამპის პოპულისტური პოლიტიკა - „ამერიკა უპირველს ყოვლისა“, მიგრანტოფობია და მემარჯვენე დაჯგუფებების გავლენის ზრდა ევროპის ქვეყნებში: საფრანგეთში - „ყვითელი ჟილეტების მოძრაობა“, აშშ-ში - „დაიკავე უოლ-სტრიტი“ და „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, რადიკალ ანტიგლობალისტების („გლობალოფობების“) ხმაურიანი და აგრესიული გამოსვლები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, ნათლად მიანიშნებს ანტიგლობალისტური განწყობების გაძლიერებაზე.

 

• გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მონათესავე ქვეყნებში - „frend shoring“
• სხვა ქვეყნებიდან საკუთარ ქვეყანაში - ე.წ. „on shoring .“
5. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია, რაც გამოიხატება G20-სა და BRICS-ის გაერთიანებებს შორის მზარდ კონკურენციაში.
წარმოების ლოკალიზაციის ტენდენცია, რამდენად უცნაურად არ უნდა მოგვეჩენოს ეს ფაქტი, გლობალიზაციის ბირთვში აშშ-ში აღმოცენდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. ის გამოიხატა ეროვნულ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის პრიორიტეტის მინიჭებაში და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია „გაქცეული ქარხნების“ (ranway factors) უკან დაბრუნების პოლიტიკის სახით, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა დ. ტრამპი თავისი მმართველობის პერიოდში (მექვაბიშვილი ე., 2022). აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა კოვიდ 19 პანდემიის პირობებში. უფრო ადრე კი - კერძოდ, 2008 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო დოკუმენტი - „American Recovery and Reinvestment”, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ, ეკონომიკის სტიმულირებისათვის, მათ შორის პროგრამის „ იყიდე ამერიკული“ წასახალისებლად, გამოყო 787მლრდ დოლარი (Hufbauer, 2013; Кондратьев, 2017).
ღირებულების შექმნისა და მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევას ასევე ადგილი ჰქონდა კორონომიკური კრიზისის პერიოდში. პანდემიის დაწყებამდე, როგორც გლობალურ ასევე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკაში, მოთხოვნა საკმაოდ მოდუნებული იყო, მიწოდება კი სწრაფად იზრდებოდა, რამაც გამოიწვია დეფლაცია. პანდემიის დროს წარმოიშვა მოთხოვნისა და მიწოდების შოკი ერთდროულად. განსაკუთრებით დაზარალდა მიწოდება, ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნების „ჩაკეტვა“ და უკვე ჩამოყალიბებული მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტა, რასაც შედეგად მოჰყვა ინფლაციის ტემპის ზრდა მთელ მსოფლიოში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2018 წლამდე გლობალური საწარმოო ჯაჭვების წილი მსოფლიო ეკონომიკის კუმულატურ ზრდაში, დაახლოებით 70% იყო (Roach, 2022), გასაგები გახდება ინფლაციის ასეთი გაზრდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობათა მიერ გატარებულმა ექსპანსიონისტურმა მონეტარულმა და საბიუჯეტო პოლიტიკამ ხელი შეუწყო პრობლემის სიმწვავის შემცირებას, მაგრამ არა მის მოხსნას.
დედოლარიზაციის დაწყება. ეკონომისტების შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნული ტენდენციის გამო (პაპავა, 2020; Krugman, 2022, 2023; Hamid, 2022; Earle, 2023 და სხვ.). მაგალითად, პროფ. ვ. პაპავა აღნიშნავს: „დოლარზე მოთხოვნის შემცირება დღეს უკვე ყალიბდება“ და „ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2021 წელს დოლარის წილი გლობალურ რეზერვებში 55% იყო, ხოლო2022 წლისთვის ის 47%-მდე შემცირდა“ (პაპავა ვ., 2022). დედოლარიზაციის ობიექტური საფუძველია BRICS-ის წილის ზრდა გლობალურ მსპ-ში, რომლის პრიორიტეტული მიზანი დედოლარიზაციაა. ასე მაგალითად, 2023 წლის მარტში ჩინეთმა და ბრაზილიამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალსიწინებს ერთმათთან ვაჭრობას ჩინურ იუანში და ბრაზილიურ რეალში. იმავე პროცედურას იყენებს ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთთან ვაჭრობაში. საკუთარი ვალუტის გამოყენებით ვაჭრობაზე გადასვლას გეგმავენ ინდოეთი და ბრაზილია.
გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ვცლილების გავლენა გეოეკონომიკაზე.
ამერიკული დიპლომატიის „მამად“ წოდებული ჰ. კისინჯერი წერდა: „ეკონომიკის გლობალიზაციას არ შეუძლია მსოფლიო წესრიგის შეცვლა, თუმცა მის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“ (Kissinger, 2001).
ცვლილების კონკრეტული მიმართულებებია:
On shoring - წარმოების გადატანა სხვა ქვეყნებიდან საკუთარ ქვეყანაში. აღნიშნული ტენდენცია აშშ-ში პრეზიდენტ დ. ტრამპის მმართველობის პერიოდში გაძლიერდა. იგი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გამოსვლებში მუდმივად საუბრობდა აშშ-ს ეკონომიკაში გლობალიზაციის გავლენით გამოწვეულ რთულ პრობლემებზე. აღნიშნავდა, რომ ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივმა გადინებამ წარმოქმნა დეპრესიული შიგა რეგიონები ე.წ. „დაჟანგული სარტყელი“ და პრობლემის გადაჭრის გზად მიიჩნევდა ამერიკული კაპიტალის მასობრივ დაბრუნებას ქვეყანაში. კერძოდ, ვარაუდობდა რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 2,4 ტრლნ აშშ დოლარის დაბრუნებას, რომლის უდიდესი ნაწილი მოხმარდებოდა ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას (მექვაბიშვილი ე., 2018).
Fred shoring - გეოპოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე ეკონომიკური აქტიურობის მიმართულებების ცვლილების ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ჩინეთის ხვედრითი წილი აშშ-ის იმპორტში 2018 წლის 21%-იდან 2022 წელს 17%-მდე შემცირდა, მაშინ როცა კანადიდან იმპორტი აშშ-ში იმავე პერიოდში 30%-ზე მეტად გაიზარდა (Nye, 2023). ჩინეთმა თანდათანობით, თუმცა თანმიმდევრულად შეამცირა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების შესყიდვები, რომელიც ამჟამად 2010 წლის დონეზეა (Stephen S. Roach, 2022). ამავდროულად 2022 წელს რუსეთის ნავთობის ექსპორტის 80% ჩინეთსა და ინდოეთზე მოდიოდა. რუსეთსა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის ბოლოს 200 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ნავარაუდევი იყო 2025 წლისთვის. 2022 წელს ირანის ვაჭრობა BRICS-ის ქვეყნებთან წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა (JDD - Le Journal du Dimanche, 13 აპრილი, 2023). აღნიშნული და ბევრი სხვა მაგალითი მიგვანიშნებს იმ პროცესზე, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაცია.

 4 ბრაზილიის პრეზიდენტი ლ.სილვა წერს: „ყოველ ღამე, დაძინების წინ, ჩემს თავს ვეკითხები, რატომ უნდა ივაჭროს ჩემმა ქვეყანამ აშშ დოლარზე და რატომ არ შეგვიძლია ვაჭრობა საკუთარი ვალუტით განვახორციელოთ?“ https:/thec-vadle.co/article-wiew/24549/inas-non-oil-trade-with-brics

 

დღევანდელი გლობალური ეკონომიკა, ფაქტობრივად, დაყოფილია ერთმანეთის საპირისპირო ინტერესების მქონე ორ ჯგუფად: ე.წ. „დიდ შვიდეული“ ანუ G7 და BRICS-ი . ამ უკანასკნელში გაერთიანებული ქვეყნების ურთიერთობა ემყარება ეკონომიკურ სარგებლიანობას, როგორც საგარეო პოლიტიკური საქმიანობის წარმმართველ პრინციპს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი გააჩნია, რომელიც, ხშირად, შესაძლებელია არ ემთხვეოდეს „კოლექტიური დასავლეთის ინტერესებს“. BRICS-ის ქვეყნებში ამჟამად ცხოვრობს მთელი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40%, ხოლო მისი წილი გლობალურ მსპ-ში შეადგენს 31,5%-ს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა, მაშინ როცა იმავე პერიოდში G7-ის წილი 20%-ით შემცირდა (JDD - Le Journal du Dimanche, 13 აპრილი, 2023). „ბლუმბერგის“ პროგნოზით მომავალი ხუთი წლის მანძილზე BRICS კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციას. 2028 წლისთვის, მისი წილი გლობალურ მსპ-ში გაიზრდება 35%-მდე და გადაასწრებს „დიდ შვიდეულის“ მაჩვენებელს, 27,8%-ს. (the cradle.com./article-view /24549/ iran's-non-oil-trade-with-brics-nations-nears-40bn).. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ზრდას, ძირითადად, ჩინეთის ეკონომიკა უზრუნველყოფს, რომელიც აწარმოებს BRICS-ის მსპ-ს 70%. ბოლო პერიოდში გაიზარდა ინდოეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი. BRICS ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ისეთ მაღალ დონეზე ორგანიზებულ გაერთიანებას, როგორიცაა ევროკავშირი (EU), თუმცა მას განვითარების საკმაოდ კარგი პერსპექტივა გააჩნია და „დიდ შვიდეულის“ სერიოზულ კონკურეტნტს წარმოადგენს რესურსებისა და გასაღების ბაზრებისთვის პაექრობაში.
ზევით ნახსენები frend shoring -ის პოლიტიკის ფარგლებში, ორი კონკურენტი ქვეყნის გარშემო შექმნილი დაჯგუფებების უშუალო მონაწილეობით ყალიბდება სხვასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსი. ერთ მხარეს: ევროპისა და აშშ-ის საბჭო ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში; უშიშროების ოთხმხრივი დიალოგი აშშ-ის, ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის მონაწილეობით AUKUS ბლოკი, რომელიც აერთიანებს აშშ-ს, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს. მეორე მხრივ, BRICS-ის პატრონაჟის ქვეშ ფუნქციონირებადი ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა განვითარების ახალი ბანკი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი, საერთო სარეზერვო ფონდი, რომლებიც პერსპექტივაში საერთაშორისო საფინანსო

5 როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „უკვე კარგა ხანია დასავლეთის პრობლემები აღარ წარმოადგენს მსოფლიოს პრობლემებს“ (Леонард. 2023).
6 G7 შეიქმნა 1974 წელს და აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: აშშ-ს, იაპონიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერნმანიას, იტალიას და კანადას. BRICS-ის აბრევიატურაა იმ ქვეყნების ჯგუფის, რომელშიც გაერთიანებული არიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრ.აფრიკის რესპუბლიკა. ის ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელსაც ამჟამად ჰყავს სამი კანდიდატი - ირანი, არგენტინა, ალჟირი და გაერთიანების მსურველი ათი ქვეყანა: ინდონეზია, საუდის არბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, ტაილანდი, ნიგერია, ბანგლადეში, საბერძნეთი, სირია და ტაჯიკეთი.

ორგანიზაციების, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) ალტერნატიულ სტრუქტურებად მოიაზრება.
გლობალიზაციის პროცესში გაჩენილმა წინააღმდეგობებმა და პრობლემებმა საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა ამ პროცესის მომავალთან დაკავშირებით. პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია გლობალიზაციის პროცესზე, რაც ზოგიერთი მკვლევარის მიერ შეფასდა როგორც გლობალიზაციის სერიოზული შეფერხება და დასასრულიც კი“(პაპავა, 2022; Папава, Тафладзе, 2022). ამერიკელი მკვლევარი ჯ.ნაი სტატიაში „გლობალიზაციის დასასრული“ წერს: „2022 წლის ბოლოს ნახევარგამტარების ტაივანური და მსოფლიო მწარმოებლის ლეგენდარულმა დამაარსებელმა მორის ჩანგმა განაცხადა, რომ „გლობალიზაცია თითქმის მკვდარია“ და ბევრი კომენტატორი იმეორებს ამ მოსაზრებას მსოფლიოში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით“(Nye, 2023). ამერიკელი მეცნიერი მ.ოსალივანი ასევე კატეგორიულია თავის მოსაზრებაში: „უკან მოვიტოვეთ რა გლობალიზაცია, ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და ვკონცენტრირდეთ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებაზე“ (O, Sallivan, 2017). მსაგავსი მოსაზრება აქვს ე. ერიანსაც (Erian, 2022).
ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებებს (მექვაბიშვილი, 2022) და ვეთანხმებით პროფ. ვ. პაპავას, რომელიც აღნიშნავს: „თანამედროვე გლობალური ეკონომიკის კონფრონტაციული ხასიათი სულაც არ ნიშნავს გლობალიზაციის დასასრულს“ (პაპავა,2022). პოლონელი პროფესორი გჟ. კოლოდკო: „პოლიტიკოსები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აჩქარდნენ გლობალიზაციის სიკვდილის წინასწარმეტყველებაში. სინამდვილეში ეკონომიკური გლობალიზაცია მხოლოდ დროებით შესუსტდა“(Kolodko, 2022; Колодко, 2020).
ამრიგად, თანამედროვე მსოფლიოში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა გლობალიზაციის სერიოზული შეფერხება, მაგრამ გლობალიზაცია არ „მომკვდარა“ და დეგლობალიზაცია არ დაწყებულა. დღეს ფაქტობრივად, საქმე გვაქვს გლობალიზაციის ფორმათა მონაცვლეობასთან, მისი ერთი მოდელის - კორპორატიული გლობალიზაციის ფარგლებში

დასკვნა

„გლობალოპტიმისტების მოსაზრების“ საპირისპიროდ, რომლის თანახმადაც გლობალიზაციას უნდა უზრუნველეყო ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, როგორც მსოფლიო, ასევე ცალკეული ეროვნული ეკონომიკების მასშტაბით, რასაც მოჰყვებოდა სოციალური უთანასწორობის შემცირება, შედეგად მივიღეთ საწინააღმდეგო მდგომარეობა: ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება, მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობის გაძლიერება და სოციალური უთანასწორობის გაღრმავება. ასევე გამოიკვეთა წარმოების ლოკალიზაციის, მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევის, მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაციის ტენდენციები, რაც გლობალიზაციის შეფერხებაზე მიგვანიშნებს და დეზინტეგრაციის სერიოზული საფრთხის მატარებელია.
ამის მიუხედავად, მართებულია მსჯელობა არა გლობალიზაციის შეწყვეტასა და დეგლობალიზაციაზე, არამედ გლობალიზაციის ორთოდოქსულ-ლიბერალური კორპორატიული მოდელის კრიზისზე. შესაბამისად, დღის წესრიგში უნდა დადგეს სოციალურად სამართლიანი, ინკლუზიური, ეკოლოგიურად ეფექტიანი და მდგრად განვითარებაზე ორინეტირებული გლობალიზაციის მოდელით მისი ჩანაცვლების საკითხი.

 

ლიტერატურა:

• დავითაშვილი ზ. (2003). ნაციონალიზმი და გლობალიზაცია.
• მექვაბიშვილი ე. (2009). ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები, „ინოვაცია“
• Germain G. (2000). Globalization and its Critics: Perspective from political Economy, New-York.
• Kissinger H. (2001). Does America Need a Foreign Policy? Toward a Diplomcy for s 21 st Century, New-York – London. Simon and Shuster.
• Неклеса А. (2004). Глобальная трансформация: сущность, генезис, прогноз. Мировая Экономика, Международные Отношения № 1.
• მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა, „ინტელექტი“
• Smart C. (2017). http: www.project-syndicate org/commentary/real-risk-global-economy-by-christopher-smart-2017-||
• ნილი ნ. (2003). მსოფლიო ეკონომიკის მოკლე ისტორია (ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთ. რედაქტორი, აკად. ა. სილაგაძე, უნივერსიტეტის გამომცემლობა.
• Credit Suisse (2021). Глобальное богатство, / inosmi.ru/economic/
• Sheng A.,Geng H. (2018). https://www.projectsyndicate.org/commentary/angry-americanselite -failure-by-andrew-sheng-and-xaiogeng-2018.06
• Stiglitz J. (2015). The Price of Inequality. New-York – London. Norton and Company
• Piketty T. (2013). Capital in the Twenty-fives Century. Harward University press.
• Piketty T. (2020). Capital and Ideology. Cambridge. MA: Harward University press.
• Piketty T. (2022). Brief History of Equality. Cambridge. MA: The Belknap Press of Harward
• Milanovich B. (2016). Global Inequality: A new Approach for the Age of Globalization. Harward University press, Belknap Press
• Hufbauer G., Shott J., Wieiro M., Wada E. (2013). Lokal Content Requirement: A Global Problem Wash. Person Institute of International Economics.
• Кондратьев Б. (2012). Политика локализации производства как инструмент модернизации. Мировая экономика, международные отношения, т.61,№ 1.
• პაპავა ვ. (2020). რატომ ატეხეს განგაში ამერიკელმა ეკონომისტებმა? „კვირის პალიტრა“ „kviris palitra.ge/article/102744-ratom-atexec-gangashi-americelma-economistebma
• Krugman P. (2022). The Dollar in Declaine? Not Sou Fast.mail google.com|u|#indbox
• Krugman P. (2023). Wy Are People so Worried About Dollar Again? mail google.com|o|#indbox
• Hamid J. (2022). BRICS New Development Bank Breaks Away from US Dollar. http://www criptopolitan.com/brics-new-development-banc-away-from-usd|
• Earle P. (2023). Dedollarization Has Begun. Redux-aieroorg|article|dedollarization-has-begun-redux
• https:/thec-radle.colarticle-view/24549/inas-non-oil-trade-with-brics-nations-nears-40bn
• Hye J. (2003). Конец глобализации? Mail.google.com /mail.ru|0|#indbox
• JDD - Le Journal du Dimanche, 13 აპრილი, 2023w.
• Леонард М. (2023). Управление постзападным миром. http://www.ipg-journal|io|ru|regiony|mir|upravlenie-postzapadniм-мiroм-1810
• პაპავა ვ. (2022). Alioni 2|ge|pandemia-omi-da-ekonomikuri-sanquciebi
• O,Sallivan. ( 2017). The Eveling: What,s Next After Globalization. Affairs|Hachette|
• El Erian M.(2020). Navigating Dedolobalization. Project Syndicat. May,11/ https://www.project-syndicate.org/commentary/covid-deglobalization-two-priorities-by-mohamed-a-e-el-erian
• მექვაბიშვილი ე. (2022). გლობალიზამი თუ ალტერგლობალიზმი?, ეკონომიკა და ბიზნესი #4.
• Колодко Г. Последствия. Экономика и политика в постпандемическом периоде. Вопросы Экономики #5.
• Kolodko G. (2022). Irrewersibility of Globalization

 

References:

• Davitashvili Z. (2003). natsionalizmi da globalizatsia. [Nationalism and Globalization.] in Georgian
• Mekvabishvili E. (2009). ekonomikis globalizatsia: mimartulebebi, gamotsvevebi, perspektivebi [Globalization of the Economy: Directions, Challenges, Prospects. Publish “Innovatia”.] in Georgian
• Germain G. (2000). Globalization and its Critics: Perspective from political Economy, New-York.
• Kissinger H. (2001). Does America Need a Foreign Policy? Toward a Diplomcy for s 21 st Century, New-York – London. Simon and Shuster.
• Nekleska A. (2004). Globalnaya transformatsiya: sushnost, genezis, prognoz. [Global Transformation: Essence, Genesis, Forecast. World Economy, International Relations No. 1.] in Russian
• Mekvabishvili E. (2018). globalizatsiis epokis pinansuri krizisebi da sakartvelos ekonomika. [Financial Crises of the Era of Globalization and the Economy of Georgia. "intelekti".] in Georgian
• Smart C. (2017). http: www.project-syndicate org/commentary/real-risk-global-economy-by-christopher-smart-2017-||
• Neal (2003). msoplio ekonomikis mokle istoria [A Brief History of the World Economy (scientific and chef-editor of the Georgian edition, Academician A. Silagadze, University Publishing House.] in Georgian
• Credit Suisse (2021). Globalnoye bogatstvo.[Global wealth.] In Russian /inosmi.ru/economic/
• Sheng A.,Geng H. (2018). https://www.projectsyndicate.org/commentary/angry-americanselite -failure-by-andrew-sheng-and-xaiogeng-2018.06
• Stiglitz J. (2015). The Price of Inequality. New-York – London. Norton and Company
• Piketty T. (2013). Capital in the Twenty-fives Century. Harward University press.
• Piketty T. (2020). Capital and Ideology. Cambridge. MA: Harward University press.
• Piketty T. (2022). Brief History of equality. Cambridge. MA: The Belknap Press of Harward
• Milanovich B. (2016). Global Inequality: A new Approach for the Age of Globalization. Harward University press, Belknap Press
• Hufbauer G., Shott J., Wieiro M., Wada E. (2013). Lokal content Requirement: A Global problem Wash. Person Institute of International Economics.
• Kondratiev B. (2012). Politika lokalizatsii proizvodstva kak instrument modernizatsii. [Production localization Policy as a Modernization Tool. World Economy, International Relations, 61, № 1.] in Russian
• Papava V. (2020). ratom atekhes gangashi amerikelma ekonomistebma? [Why did American Economists Sound the Alarm? "The Kviris Palitra magazine"] in Georgian
• kviris palitra.ge/article/102744-ratom-atexec-gangashi-americelma-economistebma
• Krugman P. (2022). The Dollar in Declaine? Not Sou Fast.mail google.com|u|#indbox
• Krugman P. (2023). Wy Are People so Worried about Dollar again? mail google.com|o|#indbox
• Hamid J. (2022). BRICS New Development Bank breaks away from US dollar. http://www criptopolitan.com/brics-new-development-banc-away-from-usd|
• Earle P. (2023). Dedollarization Has Begun. Redux-aieroorg|article|dedollarization-has-begun-redux
• https:/thec-radle.colarticle-view/24549/inas-non-oil-trade-with-brics-nations-nears-40bn
• Hye J. (2003). Конец глобализации? Mail.google.com /mail.ru|0|#indbox
• JDD - Le Journal du Dimanche, last seen 13 April, 2023.
• Леонард М. (2023). Upravleniye postzapadnym mirom. [Managing the Post-Western World.] in Russian http://www.ipg-journal|io|ru|regiony|mir|upravlenie-postzapadniм-мiroм-1810
• Papava V. (2022). Alioni 2|ge|pandemia-omi-da-ekonomikuri-sanquciebi] in Georgian
• (O,Sallivan, 2017). The leveling: What,s Next After Globalization. Affairs|Hachette|
• El Erian M.(2020). Navigating Dedolobalization. Project Syndicat. May,11/ https://www.project-syndicate.org/commentary/covid-deglobalization-two-priorities-by-mohamed-a-e-el-erian
• Mekvabishvili E. (2022). globalizmi tu alterglobalizmi?. [Globalism or Alterglobalism?, Economics and Business #4.] in Georgian
• Kolodko G. Posledstviya. Ekonomika i politika v postpandemicheskiy period. [Consequences. Economics and Politics in the Post Ppandemic Period. Economics Questions #5.] in Russian
• Kolodko G. (2022). Irrewersibility of Globalization

Keywords: Globalization, bifurcation points, turbulent and confrontational globalization, corporate globalization, de-globalization, fragmentation.
JEL Codes: F02, P16, P48